პრეზიდენტსა და პრემიერს შორის პოლიტიკური კონსულტაციები დასრულებულია. ქვეყანა ახალ პრეზიდენტს 28 ოქტომბერს აირჩევს. თუმცა, საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების გამო, კანდიდატებისთვის კამპანია ოფიციალურად აგვისტოს ბოლოდან დაიწყება.
თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ეს იყო მეორე შემთხვევა, როცა კონკრეტული დღის გამოცხადებამდე, გიორგი მარგველაშვილმა თარიღი მთავრობის მეთაურთან შეათანხმა. მმართველი პარტია გადაწყვეტილებით კმაყოფილია. ცალკეული შენიშვნები აქვთ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც არჩევნების დღის დროულად არგამოცხადების გამო, პრეზიდენტს ხშირად აკრიტიკებდნენ.
ქვეყნის ისტორიაში 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები იქნება ბოლო, როდესაც სახელმწიფოს მეთაურს პირდაპირი წესით, ანუ მოქალაქეები აირჩევენ. ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ, ეს უფლება პარლამენტს გადაეცემა.