ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ ძალაში შედის კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომლის ერთ-ერთი ახალი პუნქტი პარლამენტის ადგილმდებარეობას უკავშირდება.
ქვეყნის უზენაეს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, 77 ხმით უკვე დამტკიცდა პარლამენტის ახალი რეგლამენტი, რომლის მიხედვით, თებერვლიდან საკანონმდებლო ორგანო ქუთაისიდან თბილისში გადმოვა.
თამარ ჩუგოშვილის ინიციატივით მომზადებული ცვლილებების პროექტს საპარლამენტო უმრავლესობის სამმა წევრმა ხმა არ მისცა. მათი აზრით, გადაწყვეტილება არ უნდა ყოფილიყო მიღებული მანამ, სანამ ქალაქს სხვა ფუნქციას არ შესძენდნენ.
სკეპტიკოს თანაგუნდელებს უმრავლესობის წევრები შსს-ს მასშტაბურ პროექტს ახსენებენ, რომლის მიხედვით, ქუთაისის პარლამენტის ადგილზე პოლიციის რეგიონული ცენტრი უნდა მოეწყოს.