საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომა

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია 20 სადავო უბნის შედეგების გადათვლას დღეს დაასრულებს. პროფესიული ნიშნით შერჩეულმა 12-მა მთვლელმა ამ დროისთვის 10-დან 5 საარჩევნო უბნის შედეგები დათვალა. დღეს მთვლელები ორ ოთახში პარალელურ რეჟიმში ოთხი რეგიონის ათ საარჩევნო უბანს პირდაპირ ეთერში ითვლიან. გუშინ კი თბილისის ათი უბნის ხმები დათვალეს.

პროცესს მონიტორინგს დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები უწევდნენ. 20 სადავო უბნის შედეგებს დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები ორშაბათს სხდომაზე შეაჯამებენ და იმ პირთა ნუსხას განსაზღვრავენ, რომლებსაც დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში დაიბარებენ. საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე გივი მიქანაძე არ გამორიცხავს, მათ შორის ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიაც იყოს.