საპარლამენტო არჩევნები პოლონეთში

პოლონეთში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ითვლიან.

პირველი ოფიციალური მონაცემი ცესკო-მ უკვე გამოაქვეყნა. დათვლილია უბნების 63 %. 37.5%-ით ლიდერობს ქვეყნის მმართველი პარტია „კანონი და სამართალი“. მეორე ადგილზეა ოპოზიციური „სამოქალაქო პლატფორმა“, რომელსაც პირველადი მონაცემებით 28,8% აქვს. ბარიერი ასევე გადალახეს პარტიებმა – „მესამე გზა“, „მემარცხენეებმა“ და პარტია „კონფერაციამ“. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, პოლონური მედია წერს, რომ ოპოზიციურ პარტიებს აქვთ შანსი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატაში კოალიცია შექმნან და უმრავლესობა მიიღონ, რაც პოლონეთში იაროსლავ კაჩინსკის პარტიის 8-წლიან მმართველობას დაასრულებს. ამასთან, პოლონური მედიის ცნობით, არჩევნებთან ერთად გამართულ რეფერენდუმში მონაწილეობა ამომრჩეველთა 40 %-მა მიიღო, რაც ნიშნავს, რომ რეფერენდუმის შედეგების გათვალისწინება სავალდებულო არ არის. მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებული რეფერენდუმის ერთ-ერთი საკითხი არალეგალი მიგრანტების მიღების საკითხიც იყო.

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის დასრულების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. ანჯეი დუდამ მადლიერება გამოთქვა საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული მაღალი აქტივობისთვის.