2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საარჩევნო მარათონი კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადადის, მმართველ გუნდში კი სულ უფრო ხშირად საუბრობენ ქვეყნის შიდა პოლიტიკაში გარე ძალების ჩარევებზე. უმრავლესობის ლიდერები ამის დასტურად ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების საზღვარგარეთ ვიზიტებზე მიუთითებენ. როგორც „ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, გერმანიაში გამართული კონფერენცია, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი და ასევე პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი მონაწილეობდნენ, ცრუ ნარატივზე იყო აგებული. შეფასებების საგანი გახდა სენატში საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებიც.