ხვალიდან საარჩევნო მარათონი ოფიციალურად იწყება. მეათე მოწვევის პარლამენტს მოქალაქეები 31 ოქტომბერს აირჩევენ. ეს იქნება პირველი შემთხვევა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როცა არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული სისტემით, ანუ მანდატების განაწილების 120/-30-ზე მოდელით ჩატარდება. თუ არჩევნების მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების რიტორიკას გავითვალისწინებთ, დიდი ალბათობით, საარჩევნო კამპანია დაძაბულ ფონზე ჩაივლის. ოპოზიცია ამჯერადაც არათანაბარ გარემოზე მიუთითებს. სადავოა საარჩევნო კოდექსიც, რომელშიც ცოტა ხნის წინ ეუთო/ოდირის რეკომენდაციების საფუძველზე გარკვეული ცვლილებები უკვე შევიდა, ახლა კი მორიგი ცვლილებებია დაანონსებული, რაც ხელისუფლების ოპონენტთა უკმაყოფილების მიზეზი ხდება.