ქვეყანაში საპარლამეტო არჩევნები მიმდინარეობს – უკვე ერთი საათია გახსნილია საარცევნო უბნები. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 მილიონ 508 294-ს შეადგენს. რეგისტრირებულია 18 საარჩევნო სუბიექტი. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად იმართება ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით. ამ წესით ამომრჩევლები ხმას მისცემენ 90%-ზე მეტ საარჩევნო უბანში. ტრადიციული წესით არჩევნები გაიმართება ქვეყნის მასშტაბით გახსნილი საარჩევნო უბნების დაახლოებით 10%ში, სადაც რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა 300-ზე ნაკლებია. ანა ბროლაძე დეტალებით. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობა 3 113 747 ამომრჩეველს შეეძლება. საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის 13 გამონაკლისი წესით, საიდანაც 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, ერთი კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია განთავსებული. გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 64 238 ამომრჩეველმა მიმართა. ცესკო-ს ცნობით, წელს პირველად მისცემს ხმას 135 922 ახალგაზრდა, რომელიც საარჩევნო ხმის უფლების მქონე გახდა. ამასთან, საქართველოს გარდა, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა რაოდენობა 95 910-ს შეადგენს. 42 სხვადასხვა სახელმწიფოს 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანი იმუშავებს. 150-ადგილიან პარლამენტს ის პარტიები დააკომპლექტებენ, რომლებიც ხუთპროცენტიან ბარიერს გადალახავენ. საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, აჭარაში უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 317 119 შეადგენს. აჭარის ხუთი საარჩევნო ოლქიდან, ყველაზე მეტი ამომრჩეველი ბათუმშია რეგისტრირებული – 154 357 ამომრჩეველი; ყველაზე მცირერიცხოვანი ოლქი კი შუახევია – 14 454. უბნების საერთო რაოდენობა შეადგენს 317-ს, საიდანაც 251 უბანზე ხმის მიცემა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი. 66 უბანზე კი არჩევნები ძველი წესით ჩატარდება. გარდა ამისა, აჭარის რეგიონში 114 ადაპტირებული უბანი გაიხსნება. აჭარის უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად 14 პოლიტიკური სუბიექტია დარეგისტრირებული.