საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინსტრუქცია, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ აწვდის ინფორმაციას საკონსულო აღრიცხვაზე დადგომისა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესახებ. გამოქვეყნებული ინსტრუქცია ასევე ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები საკონსულო აღრიცხვიდან პოლიტიკური ნიშნით არიან მოხსნილი.
სამინისტროს განცხადებით, გავრცელებული ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება. საგარეო უწყების ინფორმაციის თანახმად, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეების საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების უმთავრესი მიზანი მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვაა.
შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის არც საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება, არც საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნა არანაირად არ უკავშირდება მოქალაქის პოლიტიკურ შეხედულებებს – ნათქვამია უწყების განცხადებაში.