სულ მცირე 51 ადამიანი დაიღუპა ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ალ-მაღაზის ლტოლვილთა ბანაკზე ღამით ისრაელის მიერ განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, თავდასხმის სამიზნე ბანაკის ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი აღმოჩნდა, დაღუპულთა შორის ბევრი ბავშვი და ქალია. ავიაიერიშთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია ისრაელის მხარეს. ღამის განმავლობაში, ისრაელის მიმართულებით 8 რაკეტა გაუშვეს ღაზიდან, 6 მათგანი საჰაერო-თავდაცვითმა სისტემამ გააუვნებელყო. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილიდან მოსახლეობის სამხრეთით უსაფრთხოდ გადასაადგილებლად, ამ წუთებში ჰუმანიტარული დერეფანი უნდა გახსნას, რომელიც 14 საათამდე იმოქმედებს. სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ამ დრომდე 400 ათასამდე ადამიანი რჩება. გაერო-ს ინფორმაციით, ღაზის სექტორში მცხოვრები 2 მილიონ 300 ათასი ადამიანიდან მილიონ-ნახევარი იძულებით გადაადგილებული პირია.