მსოფლიო საზოგადოების ყურადღება ღაზის სექტორისკენ არის მიპყრობილი, სადაც ისრაელი სამხედრო ოპერაციას ავიაციის გამოყენებით აგრძელებს.
ასევე მოსალოდნელია სახმელეთო ოპერაციის დაწყება. „ჰამასთან“ ერთად ისრაელის საზღვართან მდებარე ქალაქებზე შეტევებს ახორციელებს „ჰეზბოლაც“, რომელსაც თელ-ავივი საჰაერო დარტყმებით პასუხობს. „ჰამასის“ განადგურების მცდელობას თან ახლავს მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. საერთაშორისო ძალისხმევა კი, ახლა ბლოკირებულ ღაზის სექტორში, ეგვიპტიდან ჰუმანიტარული ტვირთის შეტანისკენ არის მიმართული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ღაზის სექტორში კატასტროფის თავიდან ასაცილებლად, ტვირთი 24 საათში უნდა შევიდეს.