24 საათი ევაკუაციისთვის – ისრაელმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთით მცხოვრებ მოსახლეობას ტერიტორიის დატოვებისთვის სწორედ ეს დრო მისცა.
თელ-ავივის ულტიმატუმის ფონზე, დასავლურ მედიაში არ გამორიცხავენ, ისრაელმა ღაზის სექტორში ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს. პარალელურად, გრძელდება საბრძოლო შეტაკებები. ისრაელი მოწინააღმდეგის სტრატეგიულ ობიექტებს ინტენსიურად ბომბავს. განადგურებულია 750-მდე შენობა. მათ შორის სამხედრო შენაერთებისა და მათი ხელმძღვანელების რეზიდენციები, სამეთაურო ცენტრები, იარაღის შესანახი საწყობები და სხვა ინფრასტრუქტურა. ამ დრომდე რადიკალების ტყვეობაში რჩება 7 ოქტომბერს თავდასხმის დროს გატაცებული 150-მდე ადამიანი. მათ გათავისუფლებამდე კი, თელ-ავივი ღაზის სექტორზე ბლოკადის მოხსნას გამორიცხავს. შვიდდღიანი მძიმე დაპირისპირების შედეგად ორივე მხარეს დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა ათასებს აჭარბებს.