არაბული მედიის ინფორმაციით, ისრაელის არმიას ღაზის სექტორში ალ-შიფას საავადმყოფო ალყაში აქვს მოქცეული. ასევე გავრცელებული ცნობით, სასწრაფო დახმარების მანქანებმა მთლიანად შეაჩერეს დაშავებულების და ავადმყოფების გადაყვანა ალ-შიფას კომპლექსში. ღაზის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ისრაელის დაბომბვამ გაანადგურა კარდიოლოგიური განყოფილება, გარდა ამისა, დაიღუპა ხუთი ბავშვი, მათ შორის სამი დღენაკლული ჩვილი. პალესტინური მედიის ინფორმაციით, ბოლო სამი დღის განმავლობაში, ვინც საავადმყოფოს კომპლექსის შენობებს შორის მოძრაობს ან თუნდაც ცდილობს დატოვოს ტერიტორია, ისრაელის სამხედროების მხრიდან სროლის სამიზნე გახდა. პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალებმა აუდიოჩანაწერი გაავრცელეს, სადაც ოფიცერი ღაზის საავადმყოფოების პერსონალს ინსტრუქციებს აძლევს, როგორ დატოვონ სამედიცინო დაწესებულებები უსაფრთხოდ სამხრეთის მიმართულებით. ისრაელის არმიამ „ჰამასი“ ღაზის საავადმყოფოების ტერორისტული მიზნებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა.