საომარი ვითარება ისრაელში

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში მდებარე ალ-შიფას საავადმყოფოს პერსონალს კლინიკიდან ბავშვების ევაკუაციაში დაეხმარებიან. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება ჰოსპიტლის ადმინისტრაციის თხოვნის საპასუხოდ მიიღეს. ალ-შიფა ქალაქ ღაზის უმსხვილესი საავადმყოფოა. მის მახლობლად საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. მანამდე ექიმთა ჯგუფმა განაცხადა, რომ სამედიცინო დაწესებულებაში ელექტროენერგიის გათიშვის გამო ორი დღენაკლული ჩვილი გარდაიცვალა. მედიკოსთა განცხადებით, საავადმყოფოში დარჩენილი 37 ჩვილის სიცოცხლეც ასევე საფრთხეშია. ისრაელის არმია კლინიკის მისამართით ცეცხლის გაუხსნას უარყოფს, თუმცა აცხადებს, რომ ისრაელის ძალები ჩართულები არიან საბრძოლო მოქმედებებში სამედიცინო დაწესებულების სიახლოვეს. ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, „ჰამასს“ ღაზაში საავადმყოფოების ქვეშ გვირაბების ქსელი აქვს მოწყობილი და მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს.