საომარი ვითარება ახლო აღმოსავლეთში

რა ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში – ისრაელის თავდაცვის ძალები განაგრძობენ ინტენსიურ იერიშებს ღაზის სექტორზე, თუმცა, ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაცია ჯერ არ დაწყებულა. პარალელურად, ყურადღება მიპყრობილია ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე. ღაზის სექტორში მომუშავე ექიმი „სიენენთან” აცხადებს, რომ ღაზის უმსხვილესი საავადმყოფო „მასობრივი საფლავი“ გახდება, თუ საწვავი ამოიწურება. ამ ფონზე გრძელდება მოწოდებები ჰუმანიტარული დერეფნის გახანგრძლივების შესახებ. ისრაელის პრემიერ-მინისტრთან საუბრის დროს, ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების უწყვეტი ნაკადის არსებობის აუცილებლობას. როგორც ცნობილია, აქ დაღუპულთა რიცხვი უკვე 5 ათასს აჭარბებს. რაც შეეხება სამხედრო ოპერაციას, ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ გასული ღამის განმავლობაში ღაზის სექტორში ჰამასის 400-მდე სამიზნეზე მიიტანეს იერიში, შედეგად რამდენიმე მეთაური მოკლეს. დარტყმები განხორციელდა „ჰეზბოლას“ სამხედრო ობიექტებზე სამხრეთ ლიბანში. თავდაცვის ძალების ინფორმაციით, აღნიშნული დარტყმები ორშაბათს გაშვებულ ჭურვებს პასუხობს. მათივე განცხადებით, ბოლო დღეებში ღაზის სექტორში განხორციელებული იერიშების შედეგად „ჰამასის“ საჰაერო ძალების ხუთი მეთაური მოკლეს.