ახლო აღმოსავლეთი ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზე.
ვითარება უკიდურესად გამწვავებულია. ისრაელზე ირანის თავდასხმები შეწყვეტილია. ოფიციალური თელ-ავივი თეირანს საპასუხო ქმედებებით ემუქრება, მუქარის შემცველი გზავნილი ისმის ირანის მხრიდანაც. ბოლო მონაცემებით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 200-მდე რაკეტა გაუშვა. სამხედრო ობიექტებთან ერთად მასირებული იერიშების სამიზნე გახდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ნაწილიც. ბალისტიკური რაკეტების გაშვების შემდეგ საათების განმავლობაში ისრაელში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. ისრაელი ირანის კვალს ხედავს გვიან ღამით თელ-ავივში მომხდარ ტერაქტს მიღმაც, რომელსაც საქართველოს ერთი მოქალაქეც ემსხვერპლა.
ირანი ოპერაციას სახელწოდებით „ჭეშმარიტი დაპირება“ წარმატებულად მიიჩნევს. ეს იყო თეირანის პასუხი „ჰეზბოლას“ და „ჰამასის“ ლიდერების ლიკვიდაციაზე. სარაკეტო იერიშების შემდეგ ირანის საჰაერო სივრცე იხურება. საომარი არეალის ზრდის და ახალი ომის დაწყების პრევენცია დასავლეთის მთავარი გამოწვევაა. ახლა მთავარი კითხვაა, როგორი იქნება ირანის მასშტაბურ სარაკეტო თავდასხმებზე ისრაელის რეაგირება. „საფასური აუცილებლად იქნება გადახდილი“ – ასეთია ნეთანიაჰუს გზავნილი. პარალელურად, ისრაელი ღაზაში და ლიბანის სამხრეთით სამხედრო ოპერაციას განაგრძობს.