ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება. ღაზას ჩრდილოეთით, სულ მცირე 10 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა. ისრაელის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად, ისრაელი ბოლომდე, გამარჯვებამდე გააგრძელებს ბრძოლას საერთაშორისო მხარდაჭერით, ან მის გარეშე.
ამასთან, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელი იწყებს გლობალური მხარდაჭერის დაკარგვას ღაზის „განურჩეველი დაბომბვის“ გამო. დღეს ისრაელში ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ჯეიკ სალივანი ჩავიდა. სალივანი ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.
„ჰამასის“ ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზაში 18 600 ადამიანი დაიღუპა, 50 000 კი დაშავდა.