უკრაინის მოსაზღვრე რუსულ ოლქში მიმდინარე მოვლენებმა რუსეთიდან უკრაინის მისამართით მუქარები კიდევ უფრო გაამკაცრა.
მიუხედავად იმისა, რომ ბელგოროდის მისამართით დაწყებულ იერიშებზე პასუხისმგებლობა რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა აიღო, მოსკოვი ოლქზე თავდასხმაში კვლავ უკრაინიდან შეჭრილ დივერსანტთა ჯგუფს ადანაშაულებს და საპასუხო ზომებით იმუქრება. დიდი შვიდეულის სამიტის და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი პაკეტის შეთანხმების შემდეგ კრემლი ემუქრება დასავლეთსაც. კიევის მხრიდან დაანონსებული კონტრშეტევის მოლოდინში დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტთან ერთად მთელი ყურადღება ახლა უკრაინის მოსაზღვრე რუსული ოლქისკენაა გადატანილი. რუსული და უკრაინული მხარეები ბელგოროდში განვითარებულ მოვლენებზე ურთიერთგამომრიცხავ ცნობებს ავრცელებენ.