ქალაქი ბახმუტი საომარი მოქმედებების ეპიცენტრში რჩება – დონეცკის ოლქში მდებარე პრაქტიკულად განადგურებული ქალაქიდან ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება. უკრაინული მხარის ინფორმაციით, სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქში რუსეთის მიერ ოკუპირებული რამდენიმე ტერიტორია დაიბრუნეს, რასაც კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერიც“ ადასტურებს.
რთული ვითარებაა უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის ოლქ ბელგოროდშიც, პროუკრაინული დაჯგუფებები შეტევებს განაგრძობენ. ვრცელდება ინფორმაცია ერთ-ერთი დასახლების აღებაზე. ამ ფონზე საერთაშორისო საზოგადოება უკრაინის მიერ დაანონსებული კონტრშეტევის მოლოდინშია. პროგნოზია, რომ ამ შეტევის შედეგად ოფიციალური კიევი სტრატეგიულ პოზიციებზე კონტროლის დამყარებას შეძლებს.