საომარი მოქმედებები და ატომური ელექტროსადგურის აფეთქების რისკი უკრაინაში – დღეს ომის მეცხრე დღეა. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მოედანი რუსეთის სამხედრო ძალებს აქვთ დაკავებული. ბოლო ცნობებით, ელექტროსადგურის ექვსივე ენერგობლოკი მთლიანობას ინარჩუნებს, უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი სისტემები მწყობრშია და რადიაციის ცვლილება არ ფიქსირდება.
სროლების შედეგად გაჩენილი ხანძარი კი დილიდან ლიკვიდირებულია – ინფორმაციას უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციის პრესსამსახური ავრცელებს. უწყებაში განმარტავენ, რომ დაზიანებულია სამშენებლო კონსტრუქციები. გააქტიურებულია ანტიკრიზისული შტაბი. ღამით რუსი ოკუპანტების მიერ ნასროლი ჭურვი მოხვდა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის პირველ ენერგობლოკს, რამაც ცეცხლის გავრცელება გამოიწვია. ატომური ელექტროსადგურის ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ სადგურის ტერიტრიაზე შეიჭრნენ კადიროვის მებრძოლები.