აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე საომარი მოქმედებები გრძელდება. გამწვავებულ ვითარებას გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები შემაშფოთებელს უწოდებენ. საგანგებო სხდომა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. საბჭოს წევრები მხარს უჭერენ გენერალური მდივნის მოწოდებას, დაუყოვნებლივ შეწყდეს ბრძოლა, განიმუხტოს დაძაბულობა და დაუბრუნდნენ არსებით მოლაპარაკებას.
ვითარება ადგილზე კვლავ უკიდურესად დაძაბულია. ორივე ქვეყნის თავდაცვის უწყებები ფრონტის ხაზის გასწვრივ ინტენსიური შეტაკებების შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას. სამხედრო დაპირისპირების შედეგად, 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ. სომხურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის „ეფ 16“-ის ტიპის ავიაგამანადგურებელმა სომხეთის არმიის „სუ 25“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, თუმცა ბაქოში და ანკარაში ცნობას არ ადასტურებენ.
აზერბაიჯანმა სომხეთი ქალაქ დაშქესანის დაბომბვაში დაადანაშაულა, სომხეთში კი ამბობენ, რომ აზერბაიჯანმა სომხეთს ქალაქ ვარდენისზე მიიტანა იერიში.
მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების აქტიური ფაზა 27 სექტემბერს დაიწყო.