საომარი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში

დღეს გამთენიისას ისრაელმა ღაზაში „ჰამასის“ ლიდერის, იეჰია სინვარის და მისი ძმის სახლები დაბომბა, ასევე განახორციელა საჰაერო იერიში ანკლავზე. საჰაერო დარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. პალესტინური მხარის ცნობით, 10 მაისის შემდეგ, საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპულია 149 ადამიანი, მათ შორის 41 ბავშვი. 10-მდე გაიზარდა დანაკარგები ისრაელის მხარეს, მათ შორის ორი მცირეწლოვანია. ღაზადან თელ-ავივისა და სამხრეთით მდებარე ქალაქ ბეერშევას მიმართულებით, ღამით ათეულობით რაკეტა გაუშვეს. 10 ადამიანი თავშესაფარში გაქცევის დროს დაშავდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ისრაელი განაგრძობს სრული ძალით მოქმედებას და მოწინააღმდეგისთვის გამანადგურებელი დარტყმების მიყენებას.  რეგიონში იმყოფებიან აშშ-ის, გაერო-სა და ეგვიპტის წარმომადგენლები, რომლებიც მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას ცდილობენ. გამწვავებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, დღეს დაგეგმილია გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა.

ისრაელის ქალაქ აშდოდში მცხოვრები ქართველი რეზო ხაჟომია „მოამბესთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ ქალაქი ღამე ორჯერ დაიბომბა, დაბომბვის დროს ის თავშესაფარში იმყოფებოდა. მისივე თქმით, ქალაქში ამ დროისთვის ჯერჯერობით სიმშვიდეა. ისრაელში საქართველოს საელჩო კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, რომ არ გავიდნენ ღია სივრცეში, საიდანაც თავშესაფარი მიუწვდომელია. დაუშვებელია შენობის შესასვლელში და სადარბაზოებში მოქალაქეების გაჩერება.

მოამბე