ისრაელის ძალებმა ღაზაში მდებარე მეჩეთის ქვეშ ქარხანა აღმოაჩინეს, რომელიც იარაღსა და უპილოტო საჰაერო ხომალდებს აწარმოებდა, – ამის შეახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი, დანიელ ჰაგარი ავრცელებს. პარალელურად, მედიის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანის ტერიტორია დაბომბეს. ისრაელის განცხადებით, მათ განახლებული თავდასხმების საპასუხოდ, სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ სამეთაურო ცენტრსა და ტერორისტული ჯგუფის სხვა ობიექტებს დაარტყეს. მოგვიანებით, ჰეზბოლამ ლიბანიდან 25 რაკეტა და სამი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა საზღვრის გასწვრივ რამდენიმე ადგილზე. თავდასხმების შედეგად არავინ დაშავებულა.საარტილერიო იერიში განხორციელდა ღაზის ჩრდილოეთით მდებარე საავადმყოფოზე. თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის არიან პაციენტები და სამედიცინო პერსონალი. ისრაელის თავდაცვის ძალების განმარტებით, ისინი პასუხობდნენ მტრის ცეცხლს, რომელიც მათ ჯარებს უმიზნებდა საავადმყოფოს შიგნიდან. „ჰოსპიტლის მიმართულებით ჭურვები არ გასროლილა“, – აღნიშნეს ისრაელის თავდაცვის ძალებში. „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერის განცხადებით, საავადმყოფოდან დაახლოებით 200 პაციენტის ევაკუაცია განხორციელდა. შემთხვევას გამოეხმაურა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადანომ გებრეისუსი, რომელმაც თავდასხმის ფაქტს შემაძრწუნებელი უწოდა. ამასთან, თეთრი სახლის სპიკერის განცხადებით, ღაზის სექტორში საწვავის ექვსი სატვირთო მანქანა შევიდა, რაც ღაზაში მდებარე საავადმყოფოებს ფუნქციონირებაში დაეხმარება.