საომარი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში

ღაზის სექტორში ისრაელის ავიაიერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, დაღუპულთა შორის 17 ბავშვია. სამხედრო კონფლიქტის შედეგად, ღაზის სექტორში 487 ადამიანია დაშავებული. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ლიკვიდირებულია ათობით ტერორისტი. მათივე ინფორმაციით, ქვეყნის სამხედრო ავიაციამ ღაზის სექტორში „ჰამასის“ სამხედრო დაზვერვის შენობა დაბომბა. ავიაიერიში ასევე განხორციელდა „ჰამასის“ სამხედრო ქსელზე, რომელიც ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილიდან ტანკსაწინააღმდეგო მართვად რაკეტებს ისრაელის მიმართულებით ისროდა.  პარალელურად, რადიკალურმა დაჯგუფება, „ჰამასმა“ ღაზის სექტორის მოსაზღვრე ისრაელის ქალაქებზე სარაკეტო იერიში განახორციელა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ, „რკინის გუმბათმა“ ღაზის სექტორიდან ნასროლი რაკეტების ნაწილი გაანეიტრალა. ღაზის სექტორიდან რაკეტებს და ნაღმმტყორცნების ჭურვებს ისვრიან.  კონფლიქტის გამწვავების შემდეგ, ისრაელის ავიაციამ ღაზის სექტორში 600-ზე მეტი სამხედრო სამიზნე გაანადგურა. ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურები დღის ბოლოს ღაზის სექტორში სახმელეთო შეჭრის გეგმებს დაამტკიცებენ. ბოლო დღეების განმავლობაში, პოტენციური შეჭრის წინ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა საზღვართან დამატებითი სახმელეთო ჯარები განალაგა. მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა ისრაელშიც. ღაზის სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, ქალაქ სდეროთში საცხოვრებელი კორპუსი დაიბომბა, რასაც ხუთი წლის წლის ბავშვი ემსხვერპლა, სულ მცირე 20 ადამიანი კი დაშავდა. ბოლო მონაცემებით, ისრაელში დაპირისპირების შედეგად უკვე შვიდი ადამიანი დაიღუპა. რადიკალურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმები მას შემდეგ განაახლა, რაც ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზის სექტორში მესამე შენობა გაანადგურა. აღნიშნულ შენობაში „ჰამასის“ სამხედრო სტრუქტურები იყო განთავსებული. ბოლო ერთ დღეში, ისრაელის მიმართულებით არაბული ანკალვიდან 180 რაკეტა ისროლეს, გასული კვირის შემდეგ კი, 1 600.

მოამბე