საოკუპაციო ზოლიდან გატაცებული რვავე მოქალაქე ოთხდღიანი ტყვეობის შემდეგ თავისუფალია. გორის რაიონის სოფლების – ახალუბნის და მეჯვრისხევის მცხოვრებლებმა ცხინვალის ე.წ. იზოლატორი დაახლოებით საათნახევრის წინ დატოვეს. გათავისუფლებულები ამ წუთებში შიდა ქართლის პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებიან.
პარალელურად, სოფელ გუგუტიანთკარში უკანონო სამუშაოები გრძელდება. როგორც ჩანს, ხელოვნური ბარიერების აღმართვა სოფლის კიდევ ერთ პერიმეტრზე იგეგმება. დასახლებაში დღეს დილიდან გამოჩენილმა რუსმა სამხედროებმა ახალ, დაახლოებით 70-მეტრიან მონაკვეთზე, რკინის ბოძების დასამონტაჟებლად ტერიტორიის გასუფთავება დაიწყეს. მთელი დღის განმავლობაში ისინი სატვირთო მანქანით მოძრაობდნენ და ადგილობრივებს, ასევე მედიის წარმომადგენლებს ფოტოებს უღებდნენ. საოკუპაციო ძალები დილიდან პატრულირებდნენ სოფლის იმ პერიმეტრზეც, სადაც რკინის ბოძები უკვე აღმართულია.
გურამ როგავა მოგვაწვდის ბოლო ინფორმაციას გორიდან – თუ გაკეთდა გათავისუფლებულების მხრიდან პირველი კომენტარი?