ოკუპანტების მიერ ფეხში დაჭრილი და გატაცებული 33 წლის ზაზა გახელაძე ამ დრომდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩება. ის ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოშია. ოსური მედიის ცნობით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ზაზა გახელაძის მონახულებას ცდილობს წითელი ჯვარიც, რომელიც ინფორმაციას ოჯახს მიაწვდის. ვიზიტი უახლოეს დღეებში შედგება.
ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან შაბათს დააკავეს. ის ფეხშია დაჭრილი. ოსური მედია იუწყება, რომ გახელაძემ ე.წ. მესაზღვრეებს სანადირო თოფიდან ესროლა და საპასუხო ცეცხლის შედეგად დაიჭრა. საქართველოს მოქალაქის გატაცების ფაქტს უკვე გამოეხმაურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელმაც ოჯახი მოინახულა. დაკავებასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.