ახალი ბრალდება უკრაინიდან.
მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელი საქართველოს ისევ ნეგატიურ კონტექსტში ახსენებს. რიტორიკა უცვლელია – ქვეყანას კვლავ რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლის ადგილად წარმოაჩენენ. დავით არახამიას ინფორმაციით, რუსული კომპანიები ქართულ კომპანიებს, ბანკებსა და საფინანსო სისტემას სანქციებისთვის გვერდის ასავლელად იყენებენ. ცალკეული უკრაინელი მაღალჩინოსნების წინა ანალოგიური გამოსვლების მსგავსად, ბრალდების დამადასტურებული ფაქტები ამჯერადაც არ ყოფილა წარმოდგენილი. თუმცა, არახამიამ ვაშინგტონს მაინც მოუწოდა რეაგირებისკენ – ისევე როგორც ცოტა ხნის წინ ცალკეულ პირთა მიმართ სანქციების დაწესებისკენ. მის ამ მოთხოვნას ქართული ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლებიც შეუერთდნენ, მათ შორის ელენე ხოშტარია, რომელმაც დასანქცირებულთა სია დღეს კიდევ უფრო გაზარდა, თუმცა რუსეთთან და რუსულ ფულთან კავშირების გამო დღეს „დროას“ დამფუძნებელს თავად დასჭირდა განმარტებების გაკეთება.