სანდრა რულოვსის შეხვედრა დიპკორპუსთან

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა, ზუგდიდში გუშინ განვითარებული მოვლენების შესახებ, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა. უცხოელ დიპლომატებს შორის იყვნენ ჰოლანდიისა და ევროსაბჭოს ელჩები, ასევე სხვა საელჩოების წარმომადგენლები.

მათ სანდრა რულოვსმა ვიდეოკამერით გადაღებული ის მასალა უჩვენა, რომელშიც ზუგდიდში მომხდარი გუშინდელი ხმაურიანი ინციდენტია ასახული. რულოვსმა დიპლომატებთან წინასაარჩევნო პროცესი ნეგატიურად შეაფასა და განაცხადა, რომ გამარჯვების მიზნით, ხელისუფლების მხრიდან ადგილი აქვს ძალადობასა და მოსყიდვას. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთეს ევროსაბჭოსა და ჰოლანდიის ელჩებმა. მათ ზუგდიდის მოვლენები არ შეუფასებიათ, თუმცა განაცხადეს, რომ საარჩევნო პროცესებს დააკვირდებიან.