ხვალ გაირკვევა, მოახერხებს თუ არა პოლიტიკური სპექტრი 12 რეკომენდაციის შესასრულებლად ერთ მაგიდასთან დაჯდომას – პარლამენტის თავმჯდომარე ოპონენტებს პირველ სამუშაო შეხვედრაზე ელოდება, თუმცა ოპოზიციის ნაწილი სპიკერთან კონსულტაციებზე მისვლას არ აპირებს იმ არგუმენტით, რომ პროცესი ფარსია.
საპარლამენტო ოპოზიციის დარჩენილი ნაწილი კი, სავარაუდოდ, ხვალ დილით იტყვის, თუ რა ფორმატში მიიღებს შეხვედრაში მონაწილეობას. უკვე ცნობილია, რომ ოპონენტი პოლიტიკური ძალების ერთ ნაწილს 12 პუნქტის შესასრულებლად ალტერნატიული ხედვა აქვს მომზადებული, რომელიც გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეათანხმეს. ამიტომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რამდენად სრულად ჩაერთვება ოპოზიცია მმართველი გუნდის მიერ მომზადებული სამოქმედო გეგმის აღსრულების პროცესში, რომელიც ხვალიდან უნდა დაიწყოს.