ვითარება ისევ დაძაბულია ახლო აღმოსავლეთში. შეთანხმების მიღწევის მიზნით, პარიზში ისრაელ-„ჰამასის“ საკითხზე მოლაპარაკებები გაიმართა. ისრაელის მედია ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელის, აშშ-ის, ეგვიპტისა და კატარის წარმომადგენლებმა ღაზაში ცეცხლის დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებით „შეთანხმების მონახაზზე” შეთანხმდნენ. გაკეთდა პირველი განცხადებებიც. ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, მან დელეგაცია პარიზში ერთი მთავარი მიზნით გაგზავნა- გათავისუფლდნენ მძევლები. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ის სამშობლოში დაბრუნებულ ისრაელის დელეგაციას დღეს შეხვდება და მოლაპარაკებების შემდგომ ნაბიჯებს განიხილავს. ისრაელის ლიდერი დარწმუნებულია, რომ მძევლების გათავისუფლებასა და „ჰამასის“ ლიკვიდაციას მხოლოდ სამხედრო ზეწოლისა და მტკიცე მოლაპარაკებების ერთობლიობა გამოიწვევს.