სენაკში, ქართული კონტინგენტის მიერ სამშვიდობო მისიის დასრულებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. სამხედროებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა და საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ქართველ სამხედროებს მისიაში მონაწილეობისთვის. მისი განცხადებით, დღევანდელი ქართული ჯარი გმირების მაგალითსა და სულისკვეთებაზე დგას, რომელმაც იბრძოლა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის როგორც საკუთარ ქვეყანაში, ასევე საერთაშორისო მისიებში. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო ალიანსის არაწევრ სახელმწიფოებს შორის, მისიაში მონაწილე სამხედროების რაოდენობის მიხედვით, უმსხვილესი კონტრიბუტორი ქვეყანა იყო და საქმით დაამტკიცა მხარდაჭერა ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდამხარ, გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში.