ისრაელსა და ღაზას შორის ვითარება უკიდურესად დაძაბულია.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერი მოკლეს. ოპერაციას მსხვერპლი მოჰყვა მშვიდობიან მოქალაქეებშიც, დაღუპულია ერთი მცირეწლოვანი გოგონა. იზრდება დაშავებულთა რიცხვიც. ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა და უპილოტო საფრენმა აპარატებმა იერიში „ისლამური ჯიჰადის“ ექვს ობიექტზე მიიტანეს. საპასუხოდ, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 200 რაკეტა გაუშვეს, მათი სამიზნე ისრაელის ცენტრალური და სამხრეთ რაიონები გახდა. ისლამურ დაჯგუფებაში აცხადებენ, რომ „წითელი ხაზები“ უკვე აღარ არსებობს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის მოწვევით, გვიან ღამით უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. დაპირისპირებულ მხარეებს შორის, შუამავლობას ცდილობს ეგვიპტე, თუმცა ჯერ-ჯერობით უშედეგოდ.
ისრაელის სამხედრო ოპერაცია სხვადასხვა ქვეყანამ უკვე დაგმო.