ამერიკა პარტნიორების უსაფრთხოების გაძლიერებისთვის დამატებით თანხას გამოყოფს – 2, 2 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება შტატებისგან უკრაინასა და ამერიკის 18 პარტნიორსა და მოკავშირეს გადაეცემა. საერთაშორისო მედიის ცნობით, ფინანსურ რესურსს მიიღებს საქართველოც. მასშტაბური გრძელვადიანი დახმარების შესახებ კიევში ვიზიტით ჩასულმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა. ეს უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყებიდან ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე ვიზიტია.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან შეხვედრის გარდა, ენტონი ბლინკენი კიევში ბავშვთა საავადმყოფოში მივიდა, სადაც საომარი მოქმედებების შედეგად დაშავებული არასრულწლოვნები მოინახულა.