სამი პარტიის გეგმა - მილიონი ხელმოწერა

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და ევროინტეგრაციას უკავშირდება ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას ახალი ინიციატივა.

სამი პოლიტიკური ძალის ალიანსის დღის წესრიგში ამჯერად სწორედ ეს საკითხი აქტიურდება. ალიანსი კამპანიას იწყებს სახელწოდებით „მილიონი ხელმოწერა ევროკავშირისთვის“. მიზანი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ევროპული არჩევანის დემონსტრირებაა. კამპანიის ინიციატორები ხელისუფლებას კონსტიტუციით განსაზღვრული ევროპული კურსიდან გადახვევაში ადანაშაულებენ და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დასავლელ პარტნიორებთან პირდაპირ მოლაპარაკებებს აანონსებენ. იმ არგუმენტით, რომ ევროინტეგრაციის მიმართ მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა არაერთი კვლევითაა დადასტურებული, ახალი კამპანიის დაწყება ოპოზიციის ნაწილისთვისაც გაუგებარი აღმოჩნდა.