საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება ოპოზიციის სამოქმედო სტრატეგიის მთავარი მიმართულებაა.
არჩევნების შემდეგ ხელისუფლების ოპონენტები დიპლომატებს უკვე მეორედ შეხვდნენ. ოპოზიციონერი აქტორების განმარტებით, საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს არჩევნების გაყალბების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე და დარღვევებზე მომზადებული ანგარიში გააცნეს და პროტესტთან დაკავშირებით საკუთარ გეგმაზეც მიაწოდეს ინფორმაცია. მოთხოვნაა საქართველოში ევროკავშირის საგამოძიებო კომისიის ჩამოსვლა და ხმის მთვლელი და ვერიფიკაციის აპარატების დალუქვა. საერთაშორისო გამოძიების და არჩევნების ხელახლა ჩატარების მიღწევის გზას ოპოზიციონერი ლიდერები სწორედ საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებაში ხედავენ. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა უკვე დატოვეს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ოფისი, სადაც შეხვედრა მიმდინარეობდა. მას არც ამჯერად დასწრებია გიორგი გახარია ან მისი პარტიის რომელიმე წარმომადგენელი.