„სამგორის გამგებლის განცხადება მე შეიძლება არ მომეწონა, თუმცა ნებისმიერ ადამიანს აქვს თავის პირად სივრცეში აზრის გამოხატვის უფლება“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე სამგორის რაიონის გამგებლის, კახა სამხარაძის მიერ სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსს.
სამგორის რაიონის გამგებელი, კახა სამხარაძე გამართული აქციის, „შინ ევროპისკენ“ მონაწილეებს მიმართავდა და აცხადებდა, რომ ვინც აქციაზე მივიდა, მოღალატეები არიან. „ქვეყნის მტრები ხართ და ვისაც გინდათ პასუხი პირადად გაგცეთ, მზად ვარ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე შევხვდეთ, ვისაც გეტკინათ“, – წერს სამგორის გამგებელი სოციალურ ქსელში. ამავე სტატუსში იგი უცენზუროდ მოიხსენიებს აქციაზე მისულ მისი ასაკის მოქალაქეებს. სამგორის გამგეობასთან დღეს პარტია „ლელოს“ წევრების საპროტესტო აქცია გაიმართა.