„სამართლიანმა არჩევნებმა“ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეხუთე შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. დოკუმენტის მიხედვით, საარჩევნო გარემოს მთავარ გამოწვევად ზეწოლისა და მუქარის ფაქტები რჩება. „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის, ელენე ნიჟარაძის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის ცხრა, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარის 37 სავარაუდო ფაქტი, მედიაზე ზეწოლის ორი შემთხვევა, ასევე ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 10 ფაქტი დაფიქსირდა. ნიჟარაძის ინფორმაციით, დარღვევების უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ უკავშირდება. თუმცა ამომრჩეველთა მოსყიდვის ოთხ შემთხვევაში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ფიგურირებენ. „სამართლიანი არჩევნების“ წინასაარჩევნო მონიტორინგის მეხუთე შუალედური ანგარიში, 29 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.