ამ დროისთვის ჭავჭავაძის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგენილია – 36-საათიანი პროტესტის შემდეგ სამართალდამცავებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან მიმდინარე აქცია დაშალეს.
სპეცდანიშნულების რაზმი ვარაზისხევში დღეს გამთენიისას გამოჩნდა. გზის სავალი ნაწილიდან გაიტანეს კარვები, ნაგვის ურნები, ტომრები და კონსტრუქციები, რომლებსაც აქციის მონაწილეები გზების ჩასახერგად იყენებდნენ. ტერიტორიის გაწმენდის დროს ვითარება არაერთხელ დაიძაბა, დააკავეს რამდენიმე ადამიანი. აგრესიის და თავდასხმების სამიზნედ იქცნენ მედიის წარმომადგენლებიც. აქციის დაშლას წინ შეკრების და მანიფესტაციის კანონის შესაბამისი მუხლების განმარტება და გზის სავალი ნაწილის გათავისუფლების მოწოდება უძღოდა.
სახალხო დამცველი აქციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით სპეცდანიშნულების რაზმის მოქმედებაში და სავალი ნაწილის გაწმენდაში პრობლემას ვერ ხედავს, თუმცა დაკავებების დროს სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების და არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე მიუთითებს.