რა შემთხვევაში შეცვლის დასავლეთი საქართველოს მიმართ დღეს არსებულ დამოკიდებულებას – ამ კითხვას პასუხი საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ მედიასთან შეხვედრისას გასცა. როგორც ირკვევა, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირთან ურთიერთოების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნების ერთადერთ გზად ოქტომბრის არჩევნებსა და ხელისუფლების ცვლილებას განიხილავს. პრეზიდენტმა ისაუბრა ევროკავშირის მიერ შეჩერებულ პროექტებსა და დაფინანსებაზე და ირიბად მიანიშნა, რომ ყველაფრის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ არჩევნების შემდეგ. „ოცნების“ ხელისუფლებასთან დაპირისპირებულმა ზურაბიშვილმა ისაუბრა ტექნიკურ მთავრობაზეც და ქარტიის ხელმომწერ პარტიებს პრემიერობის კანდიდატზე მსჯელობის ნაცვლად, ამომრჩევლის ნდობის მოპოვებაზე მუშაობა ურჩია.
რამდენად მოახერხებს მმართველი გუნდის დახმარებით არჩეული პრეზიდენტი, იმ პარტიების ლიდერებთან ერთად ამომრჩევლების ნდობის მოპოვებას, რომლებიც წლების განმავლობაში მისი მთავარი მოწინააღმდეგეები იყვნენ, ეს ოქტომბრის ბოლოს გაირკვევა. მანამდე კი მმართველი გუნდი პრეზიდენტს „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ პროპაგანდისტად აცხადებს და ნებისმიერი გადაჯგუფების მიუხედავად, მომავალ არჩევნებში ოპოზიციის მარცხში დარწმუნებულია.