მოახერხებს თუ არა პრეზიდენტი წინასაარჩევნოდ ოპოზიციური ერთობის ფორმირებას – პოლიტიკური განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ხდება სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა, რომლის ადრესატები ოპოზიციური პარტიები არიან.
საპარლამენტო ტრიბუნიდან შეთავაზებული იდეა სახელმწიფოს მეთაურმა ბოლო ინტერვიუში დააკონკრეტა. არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში პრეზიდენტი საკუთარ როლს პროევროპული ძალების კონსოლიდაციის ხელშეწყობაში ხედავს და მიზნის მისაღწევად ყველა ფორმის გამოყენებას განიხილავს. მათ შორისაა პოლიტიკური ძალების მიერ ერთიანი ქარტიის შემუშავება, რომელსაც, როგორც განმარტავს, ერთგვარი გამაერთიანებელი ქოლგის დატვირთვა ექნება. ამ მიზნით ორბელიანების სასახლეში პოლიტიკურ აქტორებთან კონსულტაციები დაწყებულია, თუმცა არა – ყველასთან. რა პერსპექტივა აქვს გაერთიანების მცდელობას და გააჩნია თუ არა პოლიტიკური გეგმა თავად პრეზიდენტსაც, რომელმაც ერთობის მისაღწევად ცოტა ხნის წინ ეროვნული თანხმობის პროცესი დაიწყო, თუმცა შედეგის გარეშე.