სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა მედიასთან

არჩევნებამდე ორი დღით ადრე პრეზიდენტი ცესკო-ს აკრიტიკებს.

სალომე ზურაბიშვილს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ პრეტენზიები უცხოეთში საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით აქვს. განცხადება სახელმწიფოს მეთაურმა პირველი არხის ჟურნალისტის კითხვის პასუხად გააკეთა. „მოამბის“ ჟურნალისტი დაინტერესდა, ეუთო-ოდირის შუალედური ანგარიშის და ამერიკის ელჩის განცხადების ფონზე, როგორ აფასებს ცესკო-ს მუშაობას და იქნება თუ არა საარჩევნო ადმინისტრაციის შედეგები მისთვის სანდო. სალომე ზურაბიშვილი აქცენტს ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მონაცემებსა და დასკვნებზე აკეთებს.

პრეზიდენტი დღეს მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა.