სალომე ზურაბიშვილის შეცვლილი პოზიცია

დაემატება თუ არა სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული პოლიტიკოსების სიას მიხეილ სააკაშვილიც – გაჩნდა ეჭვი, რომ სახელმწიფოს მეთაურის მიერ რამდენჯერმე საჯაროდ გაცხადებული პოზიცია, „არა და არასოდეს“ შესაძლოა გადაიხედოს.

ბოლო ინტერვიუში პრეზიდენტი ამბობს, რომ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არასდროს განუცხადებია. მისი განცხადება რადიკალურად განსხვავებულია ექს-პრეზიდენტის დაკავების პირველ დღეებში და მოგვიანებით გაკეთებული კომენტარებისგან. სწორედ ძველი პოზიციების გათვალისწინებით, სალომე ზურაბიშვილის არათანმიმდევრულობაზე მიუთითებს მმართველი გუნდი, რომელიც ბოლოდროინდელი პროცესების ფონზე ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებას აღარ გამორიცხავს და დარწმუნებულია, რომ სახელმწიფოს მეთაური პოლიტიკური კარნახით მოქმედებს. პრეზიდენტის შეცვლილმა რიტორიკამ იმედები გაუჩინა მიხეილ სააკაშვილის პარტიას, რომელიც არცთუ შორეულ წარსულში სალომე ზურაბიშვილის მწვავე კრიტიკას არ ერიდებოდა, თუმცა მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობის გამწვავებასთან ერთად კრიტიკული ტონი სულ უფრო ნელდება.

გიორგი კობერიძე არკვევდა ექს-პრეზიდენტზე პრეზიდენტის პოზიციის შერბილების მიზეზებს.