არჩევნების მოახლოებასთან ერთად სულ უფრო იზრდება პრეზიდენტის აქტივობები.
ოპოზიციის გამსხვილების მიზნით დაწყებული და წარუმატებლად დასრულებული მედიაციის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ აქტორებს ოთხი თვის წინ ხელმოწერილი დოკუმენტის პირობებს ახსენებს. იგულისხმება პრეზიდენტის მიერ ოპოზიციისთვის მაისის ბოლოს შეთავაზებული ქარტია, რომელიც პარლამენტის დროებით არჩევას, პრეზიდენტის ჩართულობით პოლიტიკოსების გარეშე დროებითი მთავრობის დაკომპლექტებას და ერთ წელიწადში, ანუ გარკვეული რეფორმების გატარების შემდეგ, საპარლამენტო არჩევნების თავიდან ჩატარებას ითვალისწინებს. სახელმწიფოს მეთაურის მოთხოვნაა, რომ 26 ოქტომბრამდე დარჩენილ პერიოდში ყველა ოპოზიციონერი სუბიექტის დღის წესრიგში მთავარი ადგილი სწორედ ქარტიაზე საუბარმა დაიკავოს.
ნოდარ ჩაჩუა არკვევდა, დაკარგა თუ არა სალომე ზურაბიშვილის სამოქმედო გეგმამ და ე.წ. ტექნიკური მთავრობის საკითხმა აქტუალობა ოპოზიციონერი ლიდერებისთვის, რომლებსაც პრეზიდენტის ქარტიის ერთ-ერთ მთავარ პუნქტზე თანხმობა ხელმოწერებით აქვთ დადასტურებული.