იქცევა თუ არა პრეზიდენტის იდეა წინასაარჩევნო ოპოზიციურ ერთობად.
ათონელის სასახლეში დაწყებული კონსულტაციები ოპოზიციური სპექტრის გაერთიანების იმედს ნაკლებად აჩენს. სალომე ზურაბიშვილის შეთავაზების ადრესატთა ნაწილისთვის ჯერ ისევ გაუგებარია, რა იგულისხმება „მომავლის ქარტიის“ შექმნაში. „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ – სახელმწიფოს მეთაურის მხრიდან ამ სახელით ინიცირებული ფორმატის მიმართ ოპოზიციური პარტიების ნაწილი სკეპტიკურად არის განწყობილი – მითუმეტეს არცთუ შორეულ წარსულში გაჟღერებული მსგავსი ინიციატივების ფონზე. როგორც ჩანს, უთანხმოებაა იმ თემებზეც, რომლებმაც პოლიტიკური სპექტრი ახალი პლატფორმის გარშემო უნდა გააერთიანოს. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების თუ შეწყალების თემის გააქტიურებამ შეთავაზებული ფორმატის მიმართ სკეპტიციზმი კიდევ უფრო გაზარდა.
ევროპული მომავლის გარშემო პრიორიტეტებზე შეჯერება პრეზიდენტმა პოლიტიკოსებს და სამოქალაქო სექტორს საპარლამენტო ტრიბუნიდან წინა კვირას შესთავაზა. „ქართულმა ოცნებამ“ იდეის მიღმა სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური გეგმები ამოიკითხა.