კიდევ ერთი სადავო კანონი, რომელმაც სახელისუფლებო შტოებს შორის პოზიციები გაყო. საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებს პრეზიდენტის ვეტო დაედო. სალომე ზურაბიშვილისთვის ცესკო-ს გადაწყვეტილებების მისაღებად, კვორუმის შემცირება მიუღებელია და ის მხარს უჭერს თავდაპირველ ვერსიას, რომლის მიხედვით, კვორუმი ⅔-ს შეადგენდა. ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაწყვეტილებების მიღება მომავალში ოპოზიციის მონაწილეობის გარეშეც შეეძლება.
მაისის ბოლოს მმართველმა გუნდმა სამი მოსმენით მიიღო კანონი, რომლის მიხედვით, თუ ცესკო-ს სხვადასხვა დადგენილება საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობის ორი მესამედის მხარდაჭერას ვერ მიიღებს, მისი მიღება განმეორებითი კენჭისყრის დროს ხმათა უბრალო უმრავლესობითაც იქნება შესაძლებელი. „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას პოლიტიკური ინტერესებით ხსნის და მორიგი ვეტოს დაძლევას აანონსებს. ⅔-იან კვორუმს ხელისუფლება ოპონენტების საბოტაჟის ბერკეტად მიიჩნევს.