„ქართული ქარტია“ და ერთობლივი მოქმედების სტრატეგია – ეს ის საკითხებია, რომელთან დაკავშირებითაც სალომე ზურაბიშვილი ბოლო რამდენიმე დღეა კონსულტაციებს მართავს ქარტიაზე ხელმომწერი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან. ვინ ჰყავს შერჩეული სალომე ზურაბიშვილს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, ჯერ უცნობია. ქარტიაზე ხელმომწერი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ არჩევნებამდე დროებითი მთავრობის ფორმირებასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე საუბარი მიზანშეწონილი არ არის. საკითხის ირგვლივ შეფასებები კეთდება სახელისუფლებო პარტიაშიც. მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილს პროცესების რადიკალიზაციასა და კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ნებისმიერი წამოწყება მარცხისთვის არის განწირული. სალომე ზურაბიშვილი ქარტიაზე ხელმომწერ ყველა ოპოზიციურ პარტიას უკვე შეხვდა, მან გუშინ შეხვედრა გამართა პარტიასთან „გახარია საქართველოსთვის“. გიორგი გახარიას ტექნიკური მთავრობის იდეას ეთანხმება, თუმცა, არ იზიარებს დოკუმენტის იმ პუნქტს, რომელიც რიგგარეშე არჩევნებს ეხება.