როდის და რა ფორმით გულისხმობდა პრეზიდენტი რეფერენდუმის ჩატარებას – სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა პოლიტიკურ სპექტრში შეფასებების თემაა. ოპოზიციის ნაწილისთვის შეთავაზება გასაგები და მისაღებია. მეორე ნაწილს კი კითხვები აქვს. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ პრეზიდენტი წინასაარჩევნო კამპანიაში ერთ-ერთ პოლიტიკურ ძალად არის ჩართული და რეფერენდუმის იმ საკითხზე ჩატარებაზე საუბრობს, რომელიც კონსტიტუციით უკვე განსაზღვრულია.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ კიდევ ერთი ინიციატივა გააჟღერა. მან მოუწოდა ოპოზიციონერებს, შეაგროვონ ხელმოწერები და ის დანიშნავს რეფერენდუმს – კითხვაზე, საით უნდა საქართველოს სვლა – ევროპისკენ თუ რუსეთისკენ. სალომე ზურაბიშვილმა ასევე 26 ოქტომბრის არჩვენების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხმების დაცვის საჭიროებაზე აქცენტი გააკეთა.