სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს არ აღიარებს და სამ ოპოზიციურ გაერთიანებასთან ერთად აქციებს აანონსებს. პრეზიდენტის განცხადებით, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ქვეყანაზე რუსული სპეცოპერაცია განხორციელდა – პრეზიდენტის გზავნილებს სრულად იზიარებენ ოპოზიციური გაერთიანებები, რომლებმაც მოსახლეობას ხმების დასაცავად, დღეს რუსთაველზე შეკრებისკენ მოუწოდეს.
პრეზიდენტის გუშინ საღამოს გაკეთებულ განცხადებას წინ უძღოდა ორბელიანების სასახლეში დახურულ კარს მიღმა გამართული კონსულტაციები ოპოზიციონერ ლიდერებთან. შეხვედრაზე გიორგი გახარია არ იმყოფებოდა, თუმცა, მის ნაცვლად შეკრებას ესწრებოდა მისი პარტიის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი, რომელიც უშუალოდ ბრიფინგზე პრეზიდენტისა და ოპოზიციონერი ლიდერების გვერდით აღარ იდგა.