ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრებისთვის ღირსების ორდენის გადაცემასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ისევ განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის ნაწილი საჭიროდ არ მიიჩნევს 53-ვე პირის დაჯილდოებას, ისინი ფიქრობენ, რომ შექმნილი აჟიოტაჟი ხელოვნურია. მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ საქართველოს ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესი იწყება. მწვავეა მმართველი გუნდის გამოხმაურება. შეგახსენებთ, რომ დაჯილდოების ცერემონია ორბელიანის სასახლეში სექტემბერში გაიმართება, თუმცა ფეხბურთის ფედერაციამ უკვე გაავრცელა განცხადება, სადაც ვკითხულობთ, რომ ქართული ფეხბურთისთვის ისტორიულ პერიოდში მიუღებელია გუნდის წევრების დაყოფა და მათი დამსახურების არათანაბარ პირობებში ჩაყენება. საპატიო ჯილდოზე ნაკრების წარმომადგენლები პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ჯერ კიდევ მარტში წარადგინეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ 53-კაციანი სიიდან პრეზიდენტმა 13 პირი ჩამონათვალიდან ამოიღო.