მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები და „ქართული ქარტია“ – ამ თემებზე საქართველოს პრეზიდენტმა ათონელის რეზიდენციაში ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გამართა. სალომე ზურაბიშვილმა ქარტიაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების მიმართ სიმპათია ღიად გამოხატა და ამომრჩეველს უთხრა, რომ ამ ოთხი სუბიექტისთვის ხმის მიცემა ქვეყანას ევროპულ ინტეგრაციამდე მიიყვანს. ამაზე დასტური, მისივე თქმით, ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრისას მიიღო და მხარდაჭერა შეხვედრისას ევროკავშირის ელჩმაც დაუდასტურა. პრეზიდენტმა თქვა ისიც, რომ ხვალ დედაქალაქის ქუჩებში დაგეგმილ მსვლელობაში მონაწილეობას თავადაც მიიღებს და არც ხვალ და არც ერთი კვირის შემდეგ ქუჩაში გამოსვლის არავის უნდა შეეშინდეს.