სალომე ზურაბიშვილი ბაღდათში ამომრჩევლებს შეხვდა

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამომრჩევლებს დღეს ბაღდათში შეხვდა.

შეხვედრა კულტურის სახლში გაიმართა, სადაც სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, საკუთარ გეგმებზე ისაუბრა.

„ვიზრდებოდი გარემოში, სადაც ყველას სწამდა, რომ საქართველო კვლავ იქნებოდა დამოუკიდებელი. ამან ჩემში დიდი ვალი დატოვა, რომ ისევ შევძლო, ქვეყანას რამე ჩემი მივუტანო. რთულია პატარა ქვეყანამ გლობალურ სამყაროში თავისი ადგილი დაიმკვიდროს. გადავრჩებით, როცა გვეცოდინება, სად არის ჩვენი ადგილი. ამისთვის უნდა ვიცოდეთ, ვინ ვართ და საით მივდივართ“, – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

სალომე ზურაბიშვილმა დემოგრაფიულ პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება, ასევე, აღნიშნა, რომ ახალგაზრდებს დასაქმების შესაძლებლობა უნდა მიეცეთ და პერსპექტივა ჰქონდეთ.